რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციას აკრედიტაცია შეუჩერდა

04 თებერვალი 2020

მძლეოსნობაში დოპინგთან ბრძოლის დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ Athletics Integrity Unit (AIU) რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციისთვის (RusAF) სანქციების გაგრძელების თაობაზე განცხადება გამოაქვეყნა.

განცხადებაში მითითებულია, რომ AIU-ს წარმომადგენლები რუსი მძლეოსნებისთვის ნეიტრალური სტატუსით გამოსვლის ნებართვის განახლების მიზეზს ვერ ხედავენ. AIU წინადადებით გამოდის, გამოიყენონ ყველაზე მკაცრი სანქციები, მათ შორის მსოფლიო მძლეოსნობიდან (World Athletics) რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის სრული გარიცხვა, ასევე მნიშვნელოვანი ჯარიმის დაკისრება და გამოძიების წარმოებისთვის აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება.

შარშან, 21 ნოემბერს AIU-მ საქმიანობას დროებით ჩამოაშორა იმ ხანად რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი დმიტრი შლიახტინი და ფედერაციის კიდევ 4 თანამშრომელი. მათ ბრალად წაუყენეს საბუთების გაყალბებით ანტისადოპინგო წესების დარღვევა.

ამასობაში შემხვედრი ნაბიჯი გადადგა რუსეთის სპორტის სამინისტრომ, რომელმაც მსოფლიო მძლეოსნობას ამცნო რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციისთვის 2020 წლის 1 მარტამდე სახელმწიფო აკრედიტაციის შეჩერების თაობაზე.