ლოს ანჯელესი-2028-ის უმთავრესი სტადიონი ივლისში გაიხსნება

07 თებერვალი 2020

ლოს ანჯელესში 2028 წლის ოლიმპიური თამაშების მთავარი სტადიონის, SoFi-ის მშენებლობა გრძელდება. აქ ჩატარდება თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიები, ასპარეზობები ფეხბურთში, კომპლექსის გარეთ კი - მშვილდოსნობაში. სამუშაოები გეგმისამებრ მიმდინარეობს და წლეულს ივლისში ეს 70-ათასიანი არენა კარს გააღებს.

აუცილებლობის შემთხვევაში, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სტადიონის ტევადობა, რომელიც დაახლოებით 5 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, 100 ათასამდე გაიზრდება.

სტადიონზე თვალშისაცემი იქნება გიგანტური ტაბლო Oculus, რომელიც სავსებით შესაძლებელია „გინესის რეკორდების წიგნში" მოხვდეს.

სტადიონის ირგვლივ გაჩნდება „ჩემპიონთა ქალაქის" კომპლექსი. იგი მოიცავს 6-ათას ადგილიან საკონცერტო დარბაზს, 300-ადგილიან სასტუმროს, 2500 აპარტამენს, ასევე საოფისე და სავაჭრო სივრცეებს. მისი საერთო ფართობი თითქმის 120 ჰექტარია.

დღევანდელი მონაცემებით SoFi-ის არენა დაახლოებით 85 პროცენტით მზად არის. იგი 25 ივლისს ტეილორ სვიფტის კონცერტით გაიხსნება. 2022 წლის თებერვალში აქ ჩატარდება ეროვნული საფეხბურთო ლიგის ფინალი - სუპერბოული.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური თამაშების ჩატარებაზე საორგანიზაციო კომიტეტის პირვანდელი განაცხადით, ამ ღონისძიების გახსნისა და დახურვის ცერემონიები ორ სხვადასხვა არენაზე უნდა ჩატარებულიყო. ეს არენებია SoFi-ის სტადიონი და ლოს ანჯელესის მერმოიალური კოლიზეუმი, რომელიც მსოფლიოს ერთადერთი სპორტული კოპლექსი გახლავთ, სადაც ოლიმპიურ თამაშებს ორჯერ - 1932 და 1984 წლებში უმასპინძლეს.

საგულისხმოა, რომ ისტორიული სტადიონი 2028 წელსაც დაიტვირთვება, თუმცა ჯერ უცნობია, რა სახით.