ისტორიაში პირველად, ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტას ქალი დაიწყებს

08 თებერვალი 2020

ისტორიაში პირველად, ოლიმპიური თამაშების ოლიმპიური ცეცხლის მეჩირაღდნე პირველ ეტაპზე ქალი იქნება. ამ პატივს ტყვიის სროლაში რიოს ოლიმპიური თამაშების ბერძენ ჩემპიონსა (25 მ) და ბრინჯაოს მედალოსან (10 მ) ანა კორაკაკის მიაგებენ.

საწყისი მონაკვეთის გარბენის შემდეგ, კორაკაკი ჩირაღდანს გადასცემს ქალთა მარათონში ათენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს, იაპონელ მიზუკი ნოგუჩის. თავის მხრივ, ნოგუჩი იქნება პირველი იაპონელი, ვინც 2020 წლის თამაშებისთვის განკუთვნილი ოლიმპიური ცეცხლით გაირბენს.

2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ცეცხლის დანთების ცერემონია გაიმართება 12 მარტს ანტიკურ ოლიმპიაში. საბერძნეთში 8-დღიანი მოგზაურობის შემდეგ, ცეცხლს 20 მარტს საგანგებო რეისით ჩააფრენენ იაპონიაში. ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა 121 დღეს გაგრძელდება და ეწვევა იაპონიის ყველა 47 პრეფექტურას. ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა დასრულდება 24 ივლისს ტოკიოში, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე.