სასტენდო სროლაში VAR-ის გამოყენება ოფიციალურად ინერგება

10 თებერვალი 2020

ტყვიის სროლის საერთაშორისო ფედერაცია (ISSF) მსაჯების ვიდეო დამხმარე სისტემის გამოყენებას ოფიციალურად ნერგავს. საუბარია საფეხბურთო VAR-ის (video assistant referee) მსგავს სისტემაზე, რომელიც სასტენდო სროლაში დაინერგება.

სიახლე პირველად შარშან გამოსცადეს ტრაპში, დუბლ-ტრაპში და სკიტში, მაგრამ სრული დატვირთვით ვიდეოგამეორება მიმდინარე სეზონში ამოქმედდება.

„VAR სისტემა ISSF-ის წესებში პირველადაა შეტანილი. მისი დახმარებით მინიმუმამდე შემცირდება შეცდომის ალბათობა და გაიზრდება მსაჯობის ობიექტურობა. ყოველივეს გათვალისიწინებით სასროლო სპორტი მაქსიმალურად გამჭვირვალე გახდება," - ვიტყობთ ISSF-ის ოფიციალური განცხადებიდან.

სიახლის დახმარებით, თუ სპორტსმენი ფინალური სროლისას მიზანში მოხვედრაზე ან აცდენაზე მსაჯის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, ხელი უნდა ასწიოს და თქვას „პროტესტი". სპეციალური ბარათის აწევით ვიდეოთანაშემწისთვის მიმართვა ასევე შეეძლება მწვრთნელს.

შედეგის მიუხედავად, VAR-ის გამოყენება რაუნდში არაუმეტეს ორჯერ იქნება შესაძლებელი. სისტემისთვის დასახმარებლად მიმართვა ასევე შეეძლება მსაჯსაც იმ შემთხვევაში, როცა მიზანში მოხვედრასა თუ აცდენაში ეჭვი შეეპარება.

ვიდეოგამეორებას დიდ ეკრანზე შენელებული რეჟიმით გამოიტანენ, თუ სასროლეთი შესაბამისად იქნება აღჭურვილი.