ვარლამ ლიპარტელიანმა პარიზის დიდი სლემის მედლების კოლექციას ვერცხლი შემატა

10 თებერვალი 2020

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის პარიზის დიდი სლემი ერთი მედლით დასრულდა. პრესტიჟულ პარიზულ ტატამზე ასპარეზობა შედეგიანი ვარლამ ლიპარტელიანისთვის (100 კგ) გამოდგა.

რიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი ვარლამ ლიპარტელიანი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაება. თავდაპირველად კორეელი იუნ ჯაე კიმი დაამარცხა, შემდეგ - მონტენეგროელი დანილო პანტიჩი, მეოთხედფინალში ვაზარით მოუგო ლატვიელ ევგენის ბოროდავკოს, ნახევარფინალში წმინდა გამარჯვება მოიპოვა რუსეთის წარმომადგენელ არმან ადამიანთან, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში, რომელიც ოქროს ქულამდე გაგრძელდა, მესამე გაფრთხილების გამო, გამარჯვებულად ისრაელელი მეტოქე პეტერ პალჩიკი გამოცხადდა.

აღსანიშნავია, რომ შარშან პარიზის დიდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა თითო ოქროსა და ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ვაჟთა გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა. მაშინ ოქროს მედალი სწორედ ლიპარტელიანმა მოიპოვა, იქამდე კი 2013 და 2015 წელს ასევე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა და ორივე შემთხვევაში ეს 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში შეძლო.