კუბერტენის ისტორიულმა ხელნაწერმა ოლიმპიურ მუზეუმში დაიდო ბინა

11 თებერვალი 2020

ბარონ პიერ დე კუბერტენის ისტორიულმა ხელნაწერმა, რომელშიც ოლიმპიური თამაშების აღირძინების გეგმაა ასახული, მისი შექმნიდან თითქმის 130 წლის შემდეგ ბინა დაიდო ლოზანის ოლიმპიურ მუზეუმში.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ფუძემდებლის, კუბერტენის მიერ 1892 წელს შედგენილი 14-გვერდიანი მანიფესტი, რომელშიც ოლიმპიური თამაშების აღორძინების კუბერტენისეული ხედვა პირველადაა გადმოცემული, შარშან დეკემბერში ნიუ იორკის „სოთბის" აუქციონზე რეკორდულად დიდ თანხად, 8 806 500 აშშ დოლარად გაიყიდა. მყიდველი, როგორც ეს შემდგომ გაირკვა, იყო ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, რუსი მილიარდერი ალიშერ უსმანოვი, რომელმაც ისტორიული მანიფესტი ლოზანის ოლიმპიურ მუზეუმს დღეს შესწირა.

„დღეს ჩვენ ისტორიის მოწმენი გავხდით. ერთი მხრივ, ისტორიული დოკუმენტის თვითმხილველები ვართ, რომელშიც ასახულია ოლიმპიური მოძრაობის ფილოსოფიური საფუძვლები, მეორე მხრივ, ისტორიული მომენტის, როდესაც ხელნაწერი უბრუნდება ოლიმპიურ ოჯახს, ადგილს, რომელსაც ეკუთვნის," - განაცხადა IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა.

ალიშერ უსმანოვის თქმით, „ეს ხელნაწერი არის თანამედროვე ოლიმპიური თამაშების მანიფესტი. პიერ დე კუბერტენს ჰქონდა ათლეტთა ძალისხმევით სამყაროს გაერთიანების ხედვა და არა - კონფრონტაციებით და ომებით დაყოფის. მჯერა, რომ ოლიმპიური მუზეუმი არის სწორედ ის ადგილი, სადაც ბინა უნდა დაიდოს ამ ფასდაუდებელმა ხელნაწერმა."