სალომე ფაჟავამ სეზონი მოსკოვის გრან პრის ბრინჯაოს მედლით გახსნა

11 თებერვალი 2020

მხატვრულ ტანვარჯიშში ოლიმპიური სეზონი მოსკოვის გრან პრით გაიხსნა და მასში საქართველოს ნაკრების საუკეთესო წარმომადგენელმა სალომე ფაჟავამ იასპარეზა.

ბაქოს პირველი ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელმა (ბაფთებით) ქართველმა ტანმოვარჯიშემ გურზებით ასპარეზობაში 21 ქულა დააგროვა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ფაჟავასთვის ეს გურზებით მოპოვებული გრან პრის მეხუთე მედალია (ბრნო 2016 - ბრინჯაო, ხოლონი 2018 - ოქრო, მოსკოვი 2019 - ბრინჯაო, კიევი 2019 - ოქრო).

გარდა ამისა, 2016 წელს ბერლინის მსოფლიო თასზე მოგებული აქვს ბრინჯაოს მედლები მრავალჭიდში, ბურთით და ბაფთით ასპარეზობებში.

სალომე ფაჟავა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოსაპოვებლად იბრძვის. ამ მიზნის მიღწევა მას შეუძლია დარჩენილ სალიცენზიო ტურნირებში -  ევროპის ჩემპიონატზე და მსოფლიოს თასის გათამაშებაში.