საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ტოკიო-2020-ის ოლიმპიური საგზურისთვის A ჯგუფში იბრძოლებს

11 თებერვალი 2020

ლოზანაში, საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ფედერაციის (FINA) შტაბ-ბინაში ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის  წყალბურთელთა სალიცენზიო ტურნირის  კენჭისყრა შედგა. ისტორიაში პირველად, ტოკიოს საგზურისთვის მებრძოლ 12 ნაკრებს შორის მოხვდა საქართველო.

დღეს გამართული წილისყრის შედეგად ცნობილი გახდა ოლიმპიურ სალიცენზიო ტურნირზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები.

ვაჟთა სალიცენზიო ტურნირზე, რომელსაც 22-29 მარტს როტერდამის საცურაო ცენტრი (Zwemcentrum Rotterdam) უმასპინძლებს, 3 საგზური გათამაშდება. საქართველო A ჯგუფშია და მეტოქეებად ეყოლება კანადის, ბრაზილიის, მონტენეგროსა და საბერძნეთის ნაკრები გუნდები, აგრეთვე  აზიის ზონის გამარჯვებული. თითოეული ქვეჯგუფიდან 4 გუნდი გავა, რომლებიც ასპარეზობას ფლეი-ოფის სისტემით მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ.

A ჯგუფი: საქართველო, კანადა, ბრაზილია, მონტენეგრო, საბერძნეთი, აზია 1;

B ჯგუფი: ხორვატია, ნიდერლანდები, აზია 2, რუსეთი, გერმანია, არგენტინა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა რევაზ ჩომახიძის ხელმძღვანელობით ერთი თვის წინ ბუდაპეშტის ევროპის ჩემპიონატზე მე-10 ადგილის დაკავებით მისთვის საუკეთესო შედეგს მიაღწია და სალიცენზიო ტურნირში თამაშის უფლებაც მაშინ მოიპოვა.