არაბულმა ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის, წურწუმიამ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

12 თებერვალი 2020

რომში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე ერთ-ერთი უმთავრესი ასპარეზობაა, საქართველოს ნაკრებმა გათამაშებული მედლების პირველი კომპლექტიდან ორი მოიპოვა.

ქართველ „კლასიკოსთაგან" ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა მძიმე წონაში 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსან ლევან არაბულს.

ქართველი ფალავანი, ისევე როგორც ყველა მძიმეწონოსანი, ასპარეზობაში მერვედფინალიდან ჩაება. პირველ მეტოქედ მასპინძელი მაჰდო როკარო ერგო, რომელსაც აშკარა უპირატესობით - 9-0 მოუგო. მეოთხედფინალშიც ასეთივე უპირატესობით - 9-0 აჯობა გერმანელ იელო კრამერს. არაბულმა ნახევარფინალში იგივე მდგომარეობაში ჩააგდო ფინელი მეტოქე არვი მარტინ სავოლაინენი, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში 1-6 დამარცხდა რუმინელ ალინ ალექსუს კიურარიუსთან და ვერცხლის მედლით დაასრულა კონტინენტის პირველობა.

რომში პრიზიორი გახდა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ნუგზარ წურწუმიაც (55 კგ). მომავალმა მედალოსანმა პირველ შეხვედრაში ავსტრიის წარმომადგენელი სარგის გევორგიზიანი 8-0 დაამარცხა, მეოთხედფინალში ასევე 8-0 მოუგო მოლდოველ არტიუმ დელეანუს, მაგრამ ნახევარფინალში 2-5 დამარცხდა რუს ვიტალი კაბალოევთან და მესამე ადგილისთვის ბრძოლა გააგრძელა. წურწუმიამ მედლის მოპოვების ბოლო შანსი წარმატებით გამოიყენა. მესამე ადგილისთვის რუმინელი ფლორინ ტიტა 8-0 დაამარცხა.

12 თებერვალს ასევე ოქროს მედლისთვის იჭიდავებს იური ლომიძე (72 კგ), ხოლო ბრინჯაოსთვის - ამირან შავაძე (60 კგ).