საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ორ-ორი ვერცხლის და ბრინჯაოს მედლით დაასრულა

13 თებერვალი 2020

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებმა წინა დღის შედეგი გაიმეორა. ქართველ „კლასიკოსთაგან" წარმატებას იური ლომაძემ (72 კგ) და ამირან შავაძემ (60 კგ) მიაღწიეს.

ფინალამდე გაიკვალა გზა ლომაძემ. მომავალმა პრიზიორმა საკვალიფიკაციო ეტაპზე სერბი ოლიმპიური ჩემპიონი დავორ სტეფანეკი 6-4 დაამარცხა, მერვედფინალში ბელარუსი იური კანკოუს კი აშკარა უპირატესობით - 11-0 სძლია. მეოთხედფინალში ასეთივე უპირატესობით (11-0) მოუგო ხორვატ დომინიკ ეტლინგერს, ხოლო ნახევარფინალში თურქი სელჩუკ ჩანი 7-0 დაამარცხა და ფინალში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონთან, გერმანელ ფრანკ შტაებლერთან ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა. გადამწყვეტი შეხვედრაში ლომაძემ 2 ქულის აღება მოახერხა, გერმანელმა - 6.

საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი შემატა ამირან შავაძემ, რომელმაც რომაულ ხალიჩაზე ოთხი ორთაბრძოლა ჩაატარა და სამში გაიმარჯვა. მათ შორის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაამარცხა შვეიცარიელი მეტოქე დიმიტარ ივაილოვ სანდოვი, მერვედფინალში ფინელი იუსო ალექსი ლატვალა და ბრინჯაოს მედლისთვის რუსი ჯამბოლატ ლოკიაევი. შავაძესთვის წარუმატებელი გამოდგა ნახევარფინალში თურქ კერემ კამალთან ორთაბრძოლა.

წინა დღეს ვერცხლის მედალი მოიპოვა ლევან არაბულმა (130 კგ), ბრინჯაოს მედალი კი ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ).