ვუოკატი-2021-ის უკუთვლა დაიწყო

14 თებერვალი 2020

ევროპის ზამთრის XV ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დედაქალაქ ვუოკატიში „წელიწადი ფესტივალამდე" საზეიმო ცერემონიით აღნიშნეს. მულტისპორტულ ასპარეზობათა უკუთვლის დაწყებასთან ერთად, გამოცხადდა 2021 წლის ოლიმპიური ფესტივალის თილისმის სახელიც. ეს არის წითელკუდა ჯაფარა, სახელად Quukkel.

გაისად 6-13 თებერვალს  ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიდან 600 კილომეტრის დაშორებით, ვუოკატის სათხილამურო კურორტზე 14-დან 18 წლამდე ასაკის საუკეთესო ახალგაზრდა ოლიმპიელები შეიკრიბებიან.

პროგრამაში გოგონათა ჰოკეის შეტანით, ისტორიაში პირველად ფესტივალი გენდერულად თანაბარი იქნება. მედლები ასევე გათამაშდება სამთო თხილამურობაში, ბიატლონში, სათხილამურო რბოლებში, ფიგურულ ციგურაობაში, შორტ ტრეკში და სნოუბორდში.

ყველა სპორტული ობიექტი, „ვუოკატი არენას" გარდა, სადაც შეჯიბრებები გაიმართება შორტ ტრეკსა და ფიგურულ ციგურაობაში, უკვე აგებულია.

„ვუოკატი 2021"-ის საორგანიზაციო კომიტეტის ცნობით, ფესტივალზე მინიმუმამდე იქნება შემცირებული პლასტიკის და სხვა რთულად გადამუშავებადი მასალის გამოყენება.

აღსანიშნავია, რომ ვუოკატიმ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს 2001 წელსაც უმასპინძლა.