ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: „არანაირი საფუძველი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გასაუქმებლად ან გადასავადებლად არ არსებობს"

15 თებერვალი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) საკოორდინაციო კომისიის ხელმძღვანელის ჯონ კოუტსის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) IOC-ს აცნობა, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო არ არსებობს „არანაირი საფუძველი" ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გასაუქმებლად ან გადასავადებად.

კოუტსის თქმით, IOC დარწმუნებულია, რომ ტოკიო-2020-თან და სხვა ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობით ათლეტებისთვის და გულშემატკივრებისთვის დაცული თამაშების ჩატარების უზრუნველყოფას შეძლებს.

გარდა ამისა, IOC-ის მაღალჩინოსანი დასძენს, რომ ჩინელ ათლეტთა დიდი ნაწილი ოლიმპიური და პარალიმპური თამაშებისთვის უცხოეთში ემზადება და, აქედან გამომდინარე, ტოკიოში გამგზავრებამდე მათი კარანტინში გაშვების აუცილებლობა არ არის.

„ტოკიო 2020-ის ირგვლივ გაერთიანებულ ჯგუფებს ერთმანეთთან შესაშური კოორდინაცია აქვთ.  რჩევა, რომელიც ჩვენ მივიღეთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან, ის არის, რომ ოლიმპიური თამაშების გასაუქმებლად ან გადასავადებლად არანაირი საგანგებო გეგმა არ მუშავდება," - განმარტავს ჯონ კოუტსი.

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ჩატარდება 2020 წლის 24 ივლისი-9 აგვისტოს ჩათვლით. პარალიმპური - 25 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით.