ტოკიოში ოლიმპიური ჩირაღდნის საესტაფეტო რეპეტიცია გაიმართა

16 თებერვალი 2020

ტოკიოში 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საჩირაღდნო ესტაფეტის ერთგვარი რეპეტიცია გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა იაპონელმა მსახიობმა სატომი იშიჰარამ და ტყვიის სროლაში სამგზის პარალიმპიელმა აკი ტაგუჩიმ.

ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტის მონაწილეები გამოწყობილნი იყვნენ ოფიციალურ თეთრ-წითელ უნიფორმებში. რეპეტიციაზე ასევე იხილეს მეჩირაღდნეთა მხარდამჭერი თუ თანმხლები სატრანსპორტო საშუალებები.

2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ცეცხლის დანთების ცერემონია გაიმართება 12 მარტს ანტიკურ ოლიმპიაში. საბერძნეთში 8-დღიანი მოგზაურობის შემდეგ ცეცხლს 20 მარტს საგანგებო რეისით ჩააფრენენ იაპონიაში. ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა 121 დღეს გაგრძელდება და ეწვევა იაპონიის ყველა 47 პრეფექტურას. ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა დასრულდება 24 ივლისს ტოკიოში, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე.