გენო პეტრიაშვილის ოქრო და გუნდური მესამე ადგილი

17 თებერვალი 2020

რომში, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა და გუნდური მესამე ადგილი დაიკავა.

საქართველოს გუნდიდან, მოლოდინისამებრ, ჩემპიონობა მოიპოვა მძიმე წონაში ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანმა და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა. ქართველმა ფალავანმა ფინალისკენ მიმავალ გზაზე აშკარა უპირატესობებით დაამარცხა ესპანელი ხოსე კუბა ვასკესი (10-0) და რუსი ბალდან ციჟიპოვი (11-0). ნახევარფინალში 7-2 მოუგო უკრაინელ ოლექსანდრ ხოციანივსკის, გადამწყვეტ შეხვედრაში კი პოლონელი რობერტ ბარანიც აშკარა უპირატესობით დაამარცხა (11-0) და ევროპის ჩემპიონობა მეორედ იზეიმა.

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე ნაბიჯი დააკლდა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს ბექა ლომთაძეს (61 კგ). ქართველმა ფალავანმა საწყისი ორი შეხვედრა რუმინელ და მოლდაველ მოწინააღმდეგეებს აშკარა უპირატესობებით - 10-0 მოუგო. ნახევარფინალში 2-1 დაამარცხა აზერბაიჯანელი იტიგამ ვალიზადე, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში 2-3 დამარცხდა რუს ალექსანდრ ბოგომოევთან.

აღსანიშნავია, რომ ლომთაძემ 2019 და 2018 წლების კონტინენტის პირველობებიც ვერცხლის მედლებით დაასრულა.

ბრინჯაოს მედლის მოპოვებით ნაკრების წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა ავთანდილ კენჭაძემაც (74 კგ), რომელსაც შარშანდელ ევროპის ჩემპიონატზეც ასეთივე შედეგი ჰქონდა.

ერთი დღით ადრე ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ).

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 2019 წლის ბუქარესტის ევროპის ჩემპიონატი ორი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.