ბერლინში 2019 წლის სპორტის ოსკაროსნები დააჯილდოეს

19 თებერვალი 2020

ბერლინში პრესტიჟული პრემია „ლაურეუსის" (Laureus World Sports Awards) დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლეს. „2019 წლის საუკეთესო სპორტსმენის" ნომინაციაში ერთბაშად ორი გამარჯვებული გამოვლინდა: არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი და „ფორმულა 1"-ის ბრიტანელი ავტომრბოლი ლუის ჰემილტონი.

„ოქროს ბურთის" ექვსგზის გამარჯვებული არგენტინელი პირველი ფეხბურთელი და საერთოდ, სათამაშო სახეობების პირველი წარმომადგენელია, რომელსაც შესაბამისი აღიარება ერგო. ასევე პირველად დაჯიდლოვდა ფორმულა 1-ის ექვსგზის ჩემპიონი  ლუის ჰემილტონიც.

მესის და ჰემილტონს „2019 წლის საუკეთესო სპორტსმენის" ნომინაციაში მეტოქეობას უწევდნენ მარათონში რიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, კენიელი ელიუდ კიპჩოგე, MotoGP-ის ექვსგზის ჩემპიონი, ესპანელი მოტომრბოლი მარკ ადამსი, ჩოგბურთში დიდი სლემის 19-გზის გამარჯვებული, ესპანელი რაფაელ ნადალი და გოლფის ამერიკელი დიდოსტატი, მეიჯორების 15-გზის გამარჯვებული ტაიგერ ვუდსი.

ქალებში 2019 წლის საუკთესო სპორტსმენი გახდა რიოს ოლიმპიური თამაშების ოთხგზის  და მსოფლიოს 19-გზის ჩემპიონი (მათ შორის, 5 ოქროს მედალი 2019 წელს მოიპოვა) ამერიკელი ტანმოვარჯიშე სიმონა ბაილსი.

საგანგებო ჯილდოები გადაეცათ გერმანელ კალათბურთელს დირკ ნოვიცკის, „ტურ დე ფრანსის" გამარჯვებულ კოლუმბიელ ეგან ბერნალს, ინდოელ კრიკეტისტს საჩინ ტენდულკარს და სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ნაკრებს.

„ლაურეუსის" პრემია, რომელიც ასევე სპორტის „ოსკარის" სახელითაა ცნობილი, 1999 წლიდან გადაეცემა სპორტის მსოფლიო აკადემიის 50 წევრის ხმათა უმრავლესობით, მათთვის კანდიდატებს კი სპორტული მედია არჩევს.