საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თომას ბახის მიმართვა სპორტსმენებს

06 მარტი 2020

ძვირფასო სპორტსმენებო,

პირადად მე, როგორც ოლიმპიელი, ვაცნობიერებ, თუ რას გრძნობთ თქვენ ამ წუთებში. თქვენ გსურთ, რომ მთელი ყურადღება გადაიტანოთ შეჯიბრებაზე, ვარჯიშზე და არ გინდათ რაიმემ ხელი შეუშალოს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების ამ პროცესს. სამწუხაროდ, კორონავირუსი ყველა ჩვენთაგანისთვის მთავარი შეშფოთების საგანი გახდა. ასევე ცხადია, რომ ამ ბოლო ორი დღის განმავლობაში ეს საკითხი სოკ-ის აღმასკომის განხილვის მთავარ საგანს წარმოადგენდა. 

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციასთან (WHO), ტოკიო-2020 ოლიმპიური თამაშების სორგანიზაციო კომიტეტთან, ტოკიოს მუნიციპალურ ხელმძღვანელებთან, ასევე იაპონიის მთავრობასა და მსოფლიოს მასშტაბით მრავალ ორგანიზაციასთან,  უპირველეს ყოვლისა კი ჩინეთის  ხელმძღვანელობასთან ჩვენი მუდმივი კონსულტაციის შედეგად, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი სრულ მზადყოფნას აცხადებს 24 ივლისად დაწყებული, წარმატებით ჩაატაროს 2020 წლის ტოკიოს  ოლიმპიური თამაშები.  აღნიშნული რეგულარული კონსულტაციები კვლავ გრძელდება და თქვენ შესაბამისად ინფორმირებული იქნებით ნებისმიერ სიახლესთან დაკავშირებით.

რასაკვირველია, ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ მიმდინარე ოლიმპიური საკვალიფიკაციო შეჯიბრებები დიდი გამოწვევაა, რაც თქვენგან, თქვენი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა  და საერთაშორისო ფედერაციებისგან დიდ მოქნილობას საჭიროებს.  ზოგიერთ თქვენგანს  არენების ცვლილებისა და სამგზავრო შეზღუდვების გამო,  შეჯიბრების, ვარჯიშისა, თუ მგზავრობის განრიგის შეცვლაც კი დასჭირდა.  მსურს გულწრფელი მადლობა მოგახსენოთ იმ სოლიდარობისა და გაგებისთვის, რაც თქვენი მხრიდან უდავოდ ოლიმპიური სულისკეთების ნათელი გამოხატულებაა.

დარწმუნებული იყავით, რომ სოკ-ი  კვლავ განაგრძობს ეოკ-ებთან და საერთაშორისო ფედერაციებთან აქტიურ თანამშრომლობას, რათა სწორი გზები გამოძებნოს  ამ გამოწვევების გადასალახად და  შექმნილი გარემოებების ფონზე სამართლიანი ოლიმპიური საკვალიფიკაციო პროცესის  უზრუნველსაყოფად. ჩვენ ასევე მზად ვართ ყოველდღიურად,  უწყვეტ რეჟიმში მივიღოთ შესაბამისი სიახლეები აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით და  შევასრულოთ ყველა რჩევა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციისა, რომელიც ჯანდაცვის საკითხებზე გაეროს წამყვან სააგენტოს წარმოადგენს.

სანდო  პირველწყაროდან მიღებული ყველაინფორმაცია განთავსდება ონლაინ პლატფორმაზე „სპორტსმენი 365,"  რაც თქვენ საშუალებას მოგცემთ შექმნილი სიტუაციის შესაბამისად უკეთესად  დაგეგმოთ თქვენი მზადების პროცესი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის.

ეს ერთ-ერთია  სოკ-ის მრავალ ინიციატივათა შორის პირადად თქვენს მხარდასაჭერად სპორტულ არენაზე  თუ მის გარეთ,  ეოკ-ისა და საერთაშორისო ფედერაციების მეშვეობით.

გთხოვთ გამოიყენოთ ეს უპირატესობა და თქვენთვის მისაწვდომი საინფორმაციო წყარო. ასევე მოგიწოდებთ გაგრძელოთ აქტიურობა და მჭიდრო ითანამშრომლოთ სპორტსმენთა შესაბამის წარმომადგენლებთან.

იმედს გამოვთქვამ, რომ  ეს მხარდაჭერა საშუალებას მოგცემთ სრული კონცენტრირება მოახდინოთ ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებაზე.

გთხოვთ, განაგრძოთ მზადება  სრული შემართებით.  და მაშინ ჩვენ,  ოლიმპიური საზოგადოების წევრები შევძლებთ მშვიდობიანი ასპარეზობებით კიდევ ერთხელ გავაერთიანოთ მთელი მსოფლიო. სწორედ ეს არის  ოლიმპიური თამაშების უნიკალურობა.

 თქვენ კი ამ ოლიმპიური ოჯახის მთავარი მოქმედი ძალა ხართ, რაც მილიონობით ადამიანის შთაგონების წყაროა მთელს ჩვენს პლანეტაზე.

მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას ტოკიოს 2020 წლის ოლიმპურ თამაშებზე და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს.

 

საუკეთესო სურვილებით,

თომას ბახი.