მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა

08 მარტი 2020

ტალინში, ფიგურულ ციგურაობაში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას ქართულმა წყვილმა  ამ რანგის შეჯიბრებაზე საქართველოს პირველი მედლები მოუპოვა.

კაზაკოვა/რევიამ მედალოსანთა შორის მოხვედრის განაცხადი მოკლე პროგრამაში 68.98-ქულიანი შეფასებით გააკეთეს, რამაც მათ თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მეორე შედეგით მისცა.

ჩვენმა წყვილმა თავისუფალ პროგრამაშიც ჩინებულად იასპარეზა,106.21 ქულით კვლავაც მეორე შედეგი აღმოაჩნდა, რამაც ჯამში დაგროვილი 176.19 ქულით კი ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლებამდე მიიყვანა.

აღსანიშნავია, რომ კაზაკოვა/რევიას წყვილისთვის ეს იყო  მესამე მსოფლიო ჩემპიონატი. 2018 წელს მათ მე-9 ადგილი დაიკავეს, შარშან კი - მე-6.

„კარგად გამოვედით. კმაყოფილები ვართ. ყველაფერი გავაკეთეთ, რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული. ყველაზე კარგი ის იყო, რომ მაყურებელმა ჩვენი ასპარეზობით ისიამოვნა. ყველაფერი გავიღეთ. მაყურებელი დიდად გვგულშემატკივრობდა, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი. წინსვლას  გავაგრძელებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები ჯერ კიდევ წინ არის," - პრესკონფერენციაზე განაცხადა გიორგი რევიამ.