EOC ევროპის 2020 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ათლეტის გამოსავლენად განაცახდებს იღებს

08 მარტი 2020

ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტებმა (EOC) პეტრ ნუროვსკის სახელობის ყოველწლიურ ჯილდოზე, რომელიც კონტინენტის საუკეთესო ახალგაზრდა ათლეტებს გადაეცემათ, განაცხადების მიღება დაიწყო.

მონაწილეთა საბოლოო სია 16 მარტის შემდეგ გამოქვეყნდება  მაშინ, როდესაც ევროპის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები საპატიო ჯილდოს მისაღებად კანდიდატებს გამოავლენენ.

დაჯილდოების ცერემონიალი ითვალისწინებს 2020 წლის ზამთრის სახეობათა საუკეთესო ევროპელი ახალგაზრდა სპორტსმენის გამოვლენას.

აღსანიშნავია, რომ წლეულს პირველად ევროპის ყველა 50 ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი შეარჩევს არა ხუთ კანდიდატს, როგორც ეს აქამდე იყო, არამედ - სამს. დამატებით ორი პრეტენდენტის  ვინაობას განსაზღვრავს ექსპერტთა ჯგუფი, რომელშიც შევლენ EOC-ის პრეზიდენტი, ასევე ვიცე-პრეზიდენტი, გენერალური მდივანი, ხაზინდარი, სპორტსმენთა კომისიის თავმჯდომარე და ორგანიზაციის სპორტული დირექტორი.

ხუთი ფინალისტის შორტ-ლისტი გამოვლინდება 15 მაისს, სლოვაკეთის სამორინში, EOC-ის სემინარზე ხმის მიცემის შედეგად. ამავე დღეს საზოგადოებას წარუდგენენ პეტრ ნუროვსკის სახელობის ჯილდოს განახლებულ ლოგოტიპს.

2016 წლამდე ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენები ვლინდებოდნენ ზაფხულისა და ზამთრის სპორტის სახეობათა წარმომადგენელთაგან. ბოლო სამი წლის განმავლობაში ცალ-ცალკე ვლინდებიან ზაფხულისა და ზამთრის საუკეთესო სპორტსმენები.

გამარჯვებულს პეტრ ნუროვსკის სახელობის პრემიის გარდა 15 ათასი ევრო გადაეცემა (მეორეს - 8, მესამეს - 5, ხოლო მეოთხე და მეხუთე ადგილოსნებს 3-3 ათასი ევრო), რომლის გამოყენების უფლებაც სააგანმანათლებლო მიზნებით შეეძლებათ.

პრემია დაწესდა 2011 წელს პოლონეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის პეტრ ნუროვსკის საპატივცემულოდ, რომელიც 2010 წლის 10 აპრილს სმოლენსკის სიახლოვეს ავიაკატასტროფაში დაიღუპა.