ოლიმპიაში ოლიმპიური ცეცხლის დანთების ცერემონია შედგა

12 მარტი 2020

ანტიკურ ოლიმპიაში, სადაც საფუძველი ჩაეყარა ოლიმპიურ თამაშებს, ტოკიოს ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშებისთვის ცეცხლის დანთების ტრადიციული ცერემონია გაიმართა. ჰერას ტაძრის ნანგრევებთან, პარაბოლური სარკის დახმარებით  მზის სხივებისგან ცეცხლი დაანთო მთავარმა ქურუმმა - მსახიობმა ქსანტი გეორგიუმ, რასაც მოჰყვა  თეატრალიზირებული წარმოდგენა.  

რიტუალის შესრულების შემდეგ ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა დაიწყო. ტრადიციისამებრ,  ოლიმპიური ჩირაღდანი პირველმა ჩაიბარა  ბერძენმა სპორტსმენმა - ისტორიაში პირველად,  ოლიმპიური ცეცხლის  მეჩირაღდნე პირველ ეტაპზე ქალი იყო. ასეთი პატივი ერგო ტყვიის სროლაში რიოს ოლიმპიური თამაშების ბერძენ ჩემპიონსა (25 მ) და ბრინჯაოს მედალოსანს (10 მ ) ანა კორაკაკის.

საწყისი მონაკვეთის გარბენის შემდეგ კორაკაკიმ ჩირაღდანი გადასცა ქალთა მარათონში ათენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს, იაპონელ მიზუკი ნოგუჩის. თავის მხრივ, ნოგუჩი გახდა პირველი იაპონელი, ვინც 2020 წლის თამაშებისთვის განკუთვნილი ოლიმპიური ცეცხლით შეუდგა რბენას.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, ცეცხლის დანთების ცერემონია მაყურებლების გარეშე ჩატარდა. ღონისძიებას მხოლოდ ჟურნალისტები და ოფიციალური სტუმრები ესწრებოდნენ, მათ შორის - საბერძნეთის პრეზიდენტი პროკოფის პავლოპულოსი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი, ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელი ტოშიაკი ენდო.

„ეს ცერემონია კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს სწრაფვას ჩატარდეს წარმატებული ოლიმპიური თამაშები. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენ ერთად ვიქნებით, გაერთიანებული მთელი ჩვენი მრავალფეროვნებით, ოლიმპიური ღირებულებებით, ემოციებით, რაც ჩვენ გვაქცევს ოლიმპიური ერთობის წევრად. ოლიმპიური საზოგადოება მთელს მსოფლიოს აჩვენებს, რომ კაცობრიობა ყველა იმ ძალაზე ძლიერია, რომელსაც ჩვენი დაშორიშორება სურს... 56 წლის შემდეგ, ოლიმპიური თამაშები ტოკიოს უბრუნდება. ოლიმპიური ცეცხლი უკეთესი მომავლისთვის ჩვენს იმედს გამოხატავს. ტოკიო-2020 გახდება იმედის სიმბოლო," - განაცხადა თომას ბახმა.

საბერძნეთში 8-დღიანი მოგზაურობის შემდეგ, ცეცხლს 19 მარტს ათენის პანათინაიკოსის სტადიონზე საზეიმოდ გადასცემენ ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებს. ცეცხლს 20 მარტს საგანგებო რეისით ჩააფრენენ იაპონიაში. ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა იაპონიაში 121 დღეს გაგრძელდება და ეწვევა ქვეყნის ყველა 47 პრეფექტურას. ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა დასრულდება 24 ივლისს ტოკიოში, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე.