IOC ოფიციალური განცხადება ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით

13 მარტი 2020

ოლიმპიაში ოლიმპიური ცეცხლის დანთებით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) ტოკიოს ოლიმპიური თამაშების წარმატებით ჩატარებაში საკუთარ ერთგულებას ადასტურებს.

ჩვენს იაპონელ მასპინძლებთან ერთად, წლეულს ივლისში უსაფრთხო ოლიმპიური თამაშების ჩატარების ერთგულები ვრჩებით.

ამავდროულად მსოფლიო ისეთი გამოწვევის წინაშეა, რომელიც გავლენას ახდენს სპორტზე. ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე 19 კვირით ადრე მთელ მსოფლიოში ხელმძღვანელი პირების მხრიდან გატარებული ზომები გვინერგავენ რწმენას, რათა ვიყოთ ოლიმპიური თამაშების ჩატარების ერთგულები, რაც მსოფლიოს გააერთიანებს.

IOC ამაყობს ათლეტების, საერთაშორისო ფედერაციების და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მიერ გამოვლენილი სოლიდარობით და მოქნილობით, რომლებიც სპორტის რიგ სახეობებში შექმნილი საკვალიფიკაციო სისტემის გამოწვევებს უმკლავდებიან.

IOC მჭიდროდ თანამშრომლობს ყველა შესაბამის მხარესთან და აჩვენებს თავის მოქნილობას, რომელიც  საჭიროა საკვალიფიკაციო სისტემაზე მოსარგებად. ასევე, ვმუშაობთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან (მათ შორის, სპონსორები და ტელეტრანსლაციათა უფლებების მქონე ტელეკომპანიები), რათა შექმნილი ვითარება ჯეროვნად შევაფასოთ.

თებერვლის შუა რიცხვებში შექმნილი მიზნობრივი ჯგუფის მეშვეობით მჭიდრო კავშირში ვართ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WHO), მასპინძელ ტოკიოსთან, იაპონიის მთავრობასთან და ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტთან.

IOC კვლავაც ითვალისწინებს WHO-ს - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოწინავე სააგენტოს რჩევებს.