კორონავირუსი გავლენას ახდენს სპორტულ კალენდარზე

13 მარტი 2020

ახალი კორონავირუსის გავრცელებამ, სხვა მრავალთა შორის, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სპორტულ კალენდარზეც. ერთმანეთის მიყოლებით გაუქმდა და გადავადდა ტურნირები.

ოლიმპიური საკვალიფიკაციო ტურნირები გააუქმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ. მათ შორის, „დიდი სლემის" ასპარეზობები მარაკეშში, ეკატერინბურგში, ასევე თბილისის და ანტალიის დიდი პრიზები.

„ძიუდოს დასაცავად, ასევე უსაფრთხოების ზომების ფარგლებში, სამწუხაროდ, იძულებულები ვართ მივიღოთ უკიდურესი ზომები. საშიში ვითარებაა, ბევრის მოსაზრებით - კრიტიკულიც. შექმნილ რთულ ვითარებაში უმთავრესი ამოცანა  მსპორტსმენთა და მწვრთნელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, ასევე ოლიმპიურ საკვალიფიკაციო შეჯიბრებებში მონაწილე ძიუდოისტებისთვის თანაბარი პირობების გარანტირება," - ვიტყობთ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური განცხადებიდან.

რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო იტალიის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, რომელმაც მთელი იტალიის მასშტაბით 3 აპრილამდე აკრძალა ყველა სახის სპორტული ასპარეზობები.

ჭიდაობის მსოფლიო ორგანიზაციამ მაისამდე გადაავადა ბუდაპეშტის და სოფიის ოლიმპიური საკვალიფიკაციო ასპარეზობები. აპრილიდან ივნისამდე გადავადდა ძალოსნობაში მოსკოვის ევროპის ჩემპიონატიც.

ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ ხუთი კვირით გადაავადა ყველა სახის სპორტული ღონისძიება. მათ შორის, ოლიმპიური საკვალიფიკაციო ტურნირები.

ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირები გაურკვეველი ვადით გადაავადა საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ფედერაციამ, მათ შორის -წყალბურთში, წყალში ხტომაში, სინქრონულ ცურვაში.

გაუქმდა ფიგურულ ციგურაობში მონრეალში ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატი.

შეჩერებულია ფეხბურთში ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ლიგა, ეროვნული ჩემპიონატები. იგივე გადაწყვეტილება მიიღო საკალათბურთო სამყარომ, როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 11 მარტს ხალი კორონავირუსის - COVID-19-ის გამო გამოცხადებული პანდემიის გამო, გადავადებული ასპარეზობების რიცხვი სავარაუდოდ უფრო გაიზრდება.