საბერძნეთში ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა გაუქმდა

13 მარტი 2020

საბერძნეთის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა კორონავირუსის გავრცელებისგან თავის დასაზღვევად  ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის განკუთვნილი ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა გააუქმა.

საბერძნეთის ეოკ-მა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო დღეს, სპარტას ეტაპის დასრულების შემდეგ.

როგორც  საბერძნეთის ეოკ-ი განმარტავს, სპარტას ეტაპის დაწყების წინ, ქუჩაში მოულოდნელად ბევრი ადამიანი გამოვიდა. ათასობით ცნობისმოყვარის ქუჩაში გამოსვლაზე   გავლენა იქონია ესტაფეტაში მონაწილეობისთვის საგანგებოდ მიწვეული ჰოლივუდის ვარსკვლავის - ჯერარდ ბატლერის გამოჩენამ (2006 წელს გადაღებულ ფილმში -  „300 სპარტელი" სპარტას  მეფის, ლეონიდასის როლს სწორედ ჯერარდ ბატლერი ასრულებს). ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაში მონაწილეობის  პატივი ერგო ჰოლივუდის კიდევ ერთ ვარსკვლავს, ბილი ზეინს, ვინც სპარტას ბატლერთან ერთად სტუმრობდა.

„საბერძნეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა ადამიანების მოულოდნელად დიდი მოზღვავების შემდეგ, რომლებიც არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, სპარტაში ოლიმპიური ცეცხლის სანახავად მაინც მოვიდნენ, რთული, მაგრამ იძულებითი გადაწყვეტილება მიიღო - საბერძნეთის ტერიტორიაზე შეწყვიტოს ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის შემდგომი პროგრამა. გადაწყვეტილება მიღებულია საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროსთან და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან შეთანხმებით, რადგან ადამიანების ჯანმრთელობა უმთავრესია და ამ რთულ ვითარებაში ყველასგან გონივრულ დამოკიდებულებას ითხოვს," - ვიტყობთ საბერძნეთის ეოკ-ის ოფიციალური განცხადებიდან.

 ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის გაუქმების მიუხედავად, 19 მარტს, ათენში, პანათინაიკოსის სტადიონზე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მასპინძლებისთვის ოლიმპიური ცეცხლის გადაცემის ცერემონია მაინც შედგება,  მაგრამ ეს  უმაყურებლოდ მოხდება.

ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტამ სტარტი აიღო გუშინ, ოლიმპიადან, სადაც ოლიმპიური ცეცხლის დანთების ცერემონია შედგა.