ტოკიოს გუბერნატორის განცხადებით, ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა იაპონიაში გაგრძელდება

14 მარტი 2020

ტოკიოს გუბერნატორის იურიკო კოიკეს განცხადებით, კორონავირუსის გამო საბერძნეთში გაუქმებული ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის მიუხედავად, იაპონიაში ის მკაცრი უსაფრთხოების წესების დაცვით ჩატარდება.

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო სპორტული კალენდარი შეაჩერა, თუმცა ტოკიო 2020-ის მასპინძლები აცხადებენ, რომ ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის ჩვეულად გაგრძელება კვლავაც იგეგმება. გუბერნატორი დასძენს, რომ იაპონიის დედაქალაქი „უსაფრთხო და დაცული" თამაშების მისაღებად ემზადება.

ტოკიოს გუბერნატორის შესაბამის განცხადებას წინ უძღოდა კორონავირუსის გავრცელებისგან თავის დასაზღვევად ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის განკუთვნილი ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის საბერძნეთის ტერიტორიაზე გაუქმება.

საბერძნეთის ოლიმპიური კომიტეტის მხრიდან ქვეყნის ტერიტორიაზე ესტაფეტის გაუქმების მიუხედავად, 19 მარტს, ათენში, პანათინაიკოსის სტადიონზე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მასპინძლებისთვის ოლიმპიური ცეცხლის გადაცემის ცერემონია შედგება.

ცეცხლს 20 მარტს საგანგებო რეისით ჩააფრენენ იაპონიაში. ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა იაპონიაში 26 მარტს ფუკუშიმას პრეფექტურიდან დაიწყება და 121 დღეს გაგრძელდება. ოლიმპიური ცეცხლი ეწვევა ქვეყნის ყველა 47 პრეფექტურას. ესტაფეტა დასრულდება 24 ივლისს ტოკიოში, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე.