IOC სპორტულ ფედერაციებთან და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებთან სატელეფონო კონფერენციას გამართავს

16 მარტი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი საბჭო 17-18 მარტს ათლეტთა კომისიის, საერთაშორისო სპორტული ფედერაციების და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლებთან სატელეფონო კონფერენციით განიხილავს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირების გადადების საკითხს.

კორონავირუსის გავრცელების ფონზე, როდესაც სპორტულ ღონისძიებათა კალენდარი ფაქტობრივად სრულად ჩამოშლილია, IOC-ის და სპორტული ფედერაციების უმთავრესი ამოცანა ტოკიო-2020-ის საკვალიფიკაციო სისტემის გადაწყობაა.

არაერთმა ფედერაციამ IOC-ს უკვე მიმართა თხოვნით, გახანგრძლივდეს საკვალიფიკაციო ვადები, ხოლო რიგი ფედერაცია საგზურების გასანაწილებლად  განიხილავს მოცემულ მომენტში არსებული რეიტინგის გამოყენებას.

IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა, რომელიც სატელეფონო კონფერენციას გაუძღვება, გასულ კვირას დაადასტურა, რომ კორონავირუსის გამო საკვალიფიკაციო შეჯიბრებებს „სერიოზული სირთულეები" შეექმნა.