სახილ ალახვერდოვმა კრივში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

17 მარტი 2020

ლონდონში, მოკრივეთა სალიცენზიო ტურნირზე საქართველოს ნაკრების წევრმა სახილ ალახვერდოვმა 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების წარმომადგენელს ოლიმპიური ლიცენზიის მოსაპოვებლად შესაბამის წონაში მეოთხედფინალში გასვლა სჭირდებოდა. ალახვერდოვმა პროგრამა მინიმუმი შეასრულა - მერვედფინალში სერბი დუშან იანიჩი 5-0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზეც გავიდა. ალახვერდოვი 19 მარტს ფრანგ ბილალ ბენამასაც უნდა შეხვედროდა, მაგრამ ტურნირის მასპინძლებმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მოთხოვნით, ასპარეზობები შეწყვიტეს. ევროპული ტურნირი 14 მარტს დაიწყო და 24 მარტამდე უნდა გაგრძელებულიყო.

„კორონავირუსის გამო მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მოკრივეთა შეჯიბრებებზე პასუხისმგებელმა IOC-ის მიზნობრივმა ჯგუფმა ლონდონში მიმდინარე ევროპის საკვალიფიკაციო ასპარეზობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, ასევე - მსოფლიოს შესარჩევი ტურნირებისა, რომლებიც მაისში უნდა ჩატარებულიყო.

ათლეტთა, ოფიციალურ პირთა და სხვათა ჯანმრთელობის უზრუნველყოფა IOC-ის მიზნობრივი ჯგუფისთვის უმთავრესია. შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულია მგზავრობაზე და საკარანტინო შეზღუდვების გაზრდილი გლობალური ფონის გათვალისწინებით, რათა 60-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს საშუალება მიეცეს სამგზავრო გეგმები დააკორექტიროს და შინ დაბრუნდეს.

მიზნობრივი ჯგუფი გააგრძელებს ვითარების ყოველდღიურ შეფასებას, რათა მაისსა და ივნისში კვოტების განაწილება დაასრულოს," - ვიტყობთ IOC-ის განცხადებიდან.