„ოლიმპიური სოლიდარობა აძლიერებს ჩვენს საზოგადოებას"

18 მარტი 2020

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით გამართულ  ვიდეო-კონფერენციაზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა  და ევროპის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლებმა განიხილეს დღევანდელ გამოწვევასთან დაკავშირებული  საკითხები. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ IOC-ის სამედიცინო და სამეცნიერო  დეპარტამენტის დოქტორი რიჩარდ ბაჯეტი და IOC -ის სპორტული დირექტორი კიტ მაკკონელი.

კონფერენციაზე აღინიშნა, რომ  დღეს მსოფლიოში შექმნილი ვითარება  უნიკალური და განსაკუთრებულია. IOC  24-საათიან რეჟიმში აწარმოებს სიტუაციის მონიტორინგს. ჯერ კიდევ თებერვალში ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფი IOC-ის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ტოკიოს თამაშების საორგანიზაციო კომიტეტისა და იაპონიის მთავრობის წარმომადგენელთა შემადგენლობით. ამ ჯგუფის მიზანია უზრუნველყოს ყველა პარტნიორი ორგანიზაციის კოორდინირებული საქმიანობა სიტუაციის შეფასებისა და აუცილებელი ღონისძიებების გატარების თვალსაზრისით.

„დღეს ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტია ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მზადებაში ჩართული ყველა ადამიანის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.  ყველა სათანადო ზომას ვღებულობთ, რათა დაცულ იქნას სპორტსმენების, მწვრთნელებისა და  გუნდების სხვა წარმომადგენლების უსაფრთხოება და ინტერესები. ჩვენ წარმოვადგენთ ოლიმპიურ საზოგადოებას, მხარს ვუჭერთ ერთმანეთს როგორც  მშვიდობიან, ასევე  ძნელბედობის ჟამს. სწორედ ეს ოლიმპიური სოლიდარობა აძლიერებს ჩვენს საზოგადოებას," - აცხადებს თომას ბახი.

კორონავირუსის პანდემიის გამო შეიცვალა მარტსა და აპრილში დაგეგმილი სალიცენზიო შეჯიბრებების ფორმატი და განრიგი, ისევე როგორც ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის ცალკეული ელემენტები.

 IOC კვლავ მოუწოდებს სპორტსმენებს განაგრძონ ოლიმპიადისთვის  მზადება  შესაძლებლობების ფარგლებში.

დღესვე შესაბამისი განცხადება გააკეთა ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტებმა(EOC), რომელშიც ნათქვამია, რომ EOC მხარს უჭერს IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და გამოთქვამს რწმენას, რომ ერთობლივი შეთანხმებული მუშაობით შესაძლებელი იქნება კრიზისის დაძლევა და ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოდ ჩატარება.