ოლიმპიური ცეცხლი ტოკიო-2020-ის მასპინძლებმა ჩაიბარეს

19 მარტი 2020

ათენში, პანათინაიკოსის სტადიონზე ტოკიო-2020-ის მასპინძლებისთვის ოლიმპიური ცეცხლის გადაცემის მოკრძალებული ცერემონია შედგა. კორონავირუსის გავრცელების და მასთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციების გამო, ტოკიოს XXXII  ოლიმპიური თამაშების მასპინძლებისთვის ცეცხლის გადაცემის ცერემონია მაყურებლების და ჟურნალისტების გარეშე  ჩატარდა.

ასევე გაუქმდა თეატრალური წარმოდგენა. სტადიონზე ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაში ორი ბერძენი ათლეტი მონაწილეობდა: ოლიმპიური ჩემპიონები ჭოკით ხტომაში კატერინა სტეფანიდი და ტანმოვარჯიშე ელეფტერიოს პეტრუნისი, რომლებმაც ცეცხლი ფიალაში ააგიზგიზეს.

ამას მოჰყვა მთავარი ქურუმის, ბერძენი მსახიობის ქსანტი გეორგიუს მიერ საბერძნეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის სპიროს კაპრალოსისთვის ცეცხლის გადაცემა. საბერძნეთის ეოკ-ის პრეზიდენტმა კი თავის მხრივ ცეცხლი გადასცა ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელს, ატლანტას 1996 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილეს, მოცურავე ნაოკო იმოტოს.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც იაპონიამ კორონავირუსისგან თავის დასაცავად ათენში დამატებით დელეგაციის გამგზავრებისგან თავი შეიკავა, ცეცხლის გადაცემის ცერემონიაში მონაწილეობისთვის საბერძნეთში მცხოვრებ იაპონელს ნაოკო იმოტოს უხმეს, რომელიც ათენში უნისეფის ბავშვთა საგანმანათლებლო პროგრამებს ხელმძღვანელობს.

„სამწუხაროდ, ოლიმპიური ცეცხლის გადაცემა ისე ვერ ტარდება, როგორც უნდა ტარდებოდეს. დასანანია, რომ ჩვენმა იაპონელმა მეგობრებმა ვერ შეძლეს ცერემონიაზე დასწრება. თუმცა ეს ყოველივე ოლიმპიურ ცეცხლს სიკაშკაშეს არ აკლებს. ოლიმპიური ცეცხლი რჩება იმ გზავნილად, როგორიც უნდა იყოს. საბერძნეთის ოლიმპიური კომიტეტი და საბერძნეთი იაპონიას ცეცხლს გადასცემს სოლიდარობის და მეგობრობის გრძნობით. მინდა, რომ ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტამ თქვენს ქვეყანას სიხარული და იმედი მიანიჭოს. წარმატებები გქონოდეთ," - ტოკიო-2020-ის ცეცხლის გადაცემის ცერემონიისას განაცხადა სპიროს კაპრალოსმა.

ცეცხლი 20 მარტს საგანგებო რეისით ჩაფრინდება იაპონიაში. ესტაფეტა იაპონიაში 26 მარტს ფუკუშიმას პრეფექტურიდან დაიწყება და 121 დღეს გაგრძელდება. ოლიმპიური ცეცხლი ეწვევა ქვეყნის ყველა 47 პრეფექტურას და დასრულდება 24 ივლისს ტოკიოში, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე.