გადავადებული ოლიმპიური თამაშები და საანგარიშო-საარჩევნო პროცესი მსოფლიო სპორტში

22 აპრილი 2020

კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადავადებულმა ტოკიოს ოლიმპიურმა თამაშებმა ძირფესვიანად შეცვალა მსოფლიო სპორტის დღის წესრიგი. ეს ეხება არა მხოლოდ სალიცენზიო ტურნირებს, საერთაშორისო სპორტულ კალენდარში უკვე განხორციელებულ და მოსალოდნელ რადიკალურ ცვლილებებს, არამედ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებში (ეოკ-ი) და სპორტულ ფედერაციებში 2020 წლის მეორე ნახევარში დაგეგმილ საანგარიშო-საარჩევნო პროცესს.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ოფიციალური განმარტების თანახმად, ოლიმპიური თამაშების გადავადება ამ პროცესზე გავლენას იქონიებს  იქიდან გამომდინარე, რომ უმეტეს შემთხვევაში ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებში  საარჩევნო პერიოდი ემთხვევა ოთხწლიან ოლიმპიურ ციკლს (იგივე ითქმის ოლიმპიური სპორტის სახეობების  ეროვნულ ფედერაციებზე). შესაბამისად, ეს ოთხწლიანი ციკლი სრულდება სწორედ 2020 წელს. IOC ამჟამად ეცნობა და განიხილავს თითოეული დაინტერესებული ეოკ-ის გარშემო შექმნილ სიტუაციას, რათა მოიძებნოს შესაფერისი გადაწყვეტილება ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის. რაც შეეხება არჩევნებს ეროვნულ სპორტულ ფედერაციებში, ეს საკითხი  IOC-ის უშუალო გამგებლობაში არ შედის და ისინი მოქმედებენ კოორდინირებულად შესაბამის საერთაშორისო ფედერაციებთან და ეოკ-ებთან ერთად.

IOC-ის განმარტებით, ჯერჯერობით გარკვეული არ არის, თუ რა გავლენას იქონიებს ოლიმპიური თამაშების გადავადება თავად IOC-ის პრეზიდენტის არჩევნებზე, რომელიც 2021 წლის ივლისში დაგეგმილ IOC-ის საანგარიშო სესიაზე უნდა შედგეს.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს 8 წლით არჩეულ IOC-ის მოქმედ პრეზიდენტს - თომას ბახს უფლებამოსილების ვადა სწორედ 2021 წლის ზაფხულში ეწურება. ოლიმპიური ქაარტიის თანახმად, მას უფლება აქვს კიდევ ერთი, ამჯერად 4-წლიანი ვადით იყაროს კენჭი.