იოშირო მორის განცხადებით, ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ხელახლა გადატანა ვეღარ მოხერხდება

24 აპრილი 2020

ტოკიო-2020-ის პრეზიდენტი და იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იოშირო მორი აცხადებს, რომ თუ კორონავირუსის პანდემია გაისადაც დღის წესრიგში დარჩება, ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების კიდევ ერთხელ გადატანა ვეღარ მოხერხდება.

მორის განცხადებით, ტოკიო-2020-ის კიდევ გადავადებას „აბსოლუტურად არანაირი შანსი არ აქვს... ათლეტების და თამაშების მენეჯმენტის საკითხის გათვალისწინებით, თამაშების ორი წლით გადავადება ტექნიკურად რთულია."

ამავე აზრისაა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) გავლენიანი წევრი, კანადელი რიჩარდ პაუნდიც. მისი თქმით,  ტოკიო-2020-ის ჩატარების ერთადერთი შანსი 2021 წელია: „იაპონელებმა თქვეს, რომ ბურთს ერთი წლით არ დაუშვებენ მიწაზე და არა ერთ წელიწადზე მეტ ხანს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ჩვენ თამაშების ჩატარებას შევძლებთ 2021 წელს."

ტოკიო-2020-ის აღმასრულებელი დირექტორის ტოშირო მუტოს ადრე გაკეთებული განცხადებით, ტოკიოში აცნობიერებენ, რომ პანდემიამ შესაძლოა კვლავაც იქონიოს გავლენა თამაშებზე: „ვფიქრობ, დღეს ვერავინ შეძლებს იმის თქმას, რომ გაისად ივლისში ყველაფერი კონტროლს დაექვემდებარება."