ტოკიო-2020 დამატებით ხარჯებთან დაკავშირებით გამჭვირვალობის პირობას დებს

24 აპრილი 2020

ტოკიო-2020-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ტოშირო მუტო ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ერთი წლით გადავადებისთვის საჭირო დამატებით ხარჯებთან დაკავშირებით გამჭვირვალობის პირობას დებს. მისი ამგვარი განცხადება მოჰყვა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან (IOC) დავას იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დაფარავს დამატებით ხარჯებს.

ტოშირო მუტოს განმარტებით, საორგანიზაციო კომიტეტი ღია იქნება ყველასთვის, გადასახადის გადამხდელებს კი ხარჯებთან  დაკავშირებით საქმის ვითარებას გააცნობს.

ცოტა ხნით ადრე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა IOC-ს მიმართა თხოვნით, IOC-ის ვებ-გვერდიდან აეღოთ იაპონიის პრემიერ-მინისტრის სინძო აბეს ნათქვამი, რომლის მიხედვითაც ტოკიო საკუთარ თავზე აიღებდა ოლიმპიური თამაშების ერთი წლით გადავადებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

მოგვიანებით, იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა იოსიჰიდე სუგამ განაცხადა, რომ  იაპონიას ქვეყანას თამაშების გადატანაზე დამატებითი ხარჯების აღებაზე მოლაპარაკება არ დაუსრულებია.

ასევე ცნობილია, რომ არც IOC-ს და არც ტოკიო-2020-ს თამაშების გადატანისთვის საჭირო სახსრებთან დაკავშირებით ჯერ არაფერი განუმარტავს. იაპონური მედიის ცნობით, გადავადებით გამოწვეულმა დამატებითმა ხარჯებმა შესაძლოა შეადგინოს 3 მილიარდი აშშ დოლარი.