თანამედროვე ხუთჭიდში ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის საკვალიფიკაციო სისტემის განახლებას მაისში განიხილავენ

26 აპრილი 2020

თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირი (UIPM) გადავადებული ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის საკვალიფიკაციო სისტემის განახლების თაობაზე მაისში გამოაცხადებს.

UIPM-ის წარმომადგენლის განცხადებით, ტოკიო-2020-ის ახალ საკვალიფიკაციო სისტემასთან დაკავშირებით მმართველ ორგანოსა და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC) შორის მოლაპარაკებები აპრილის ბოლოსთვის შეთანხმების მიღწევის იმედს იძლევა.

საგულისხმოა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ოლიმპიური თამაშების ერთი წლით გადავადების შემდეგ IOC-მა საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს აცნობა, რომ შეუძლიათ გამოიყენონ პირვანდელი საკვალიფიკაციო სისტემა.

თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირმა ტოკიოს თამაშებისთვის კვოტების 64 პროცენტი აითვისა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, მსოფლიო თასის ფინალზე და კონტინენტურ ჩემპიონატებზე.

ჯერ კიდევ გასანაწილებელი ლიცენზიების ბედი უნდა გადაწყდეს კორონავირუსის გამო სავარაუდოდ შემოდგომისთვის გადავადებულ 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, UIPM-ის მსოფლიო რეიტინგის მიხედვით და ასევე ერთგვარი მოსაწვევი საგზურების გაცემით.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ასპარეზობები დასრულდება 2021 წლის 29 ივნისამდე. IOC-ის პრეზიდენტის თომას ბახის მიერ ადრე გაკეთებული განცხადების თანახმად,  ყველა სპორტსმენი, რომელმაც ტოკიოს თამაშების საგზური მოიპოვა, ლიცენზიას შეინარჩუნებს.