ჯონ კოუტსის განცხადებით, ოლიმპიური თამაშების ჩატარება COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინის შემუშავებაზე დამოკიდებული არ არის

29 აპრილი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) საკოორდინაციო კომისიის ხელმძღვანელის, ავსტრალიელი ჯონ კოუტსის განცხადებით, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების  ჩატარება ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შემუშავებაზე დამოკიდებული არ რის.

სამშაბათს იაპონიის ექიმთა ასოციაციის ხელმძღვანელმა იოსიტაკე იოკოკურამ განაცხადა, რომ თუ მომავალი წლის ზაფხულისთვის COVID-19-ის ვაქცინა არ იქნება შემუშავებული, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგანიზება გართულდება.

კოუტსის განმარტებით, იაპონიის ექიმთა ასოციაციის ხელმძღვანელის კომენტარი მხოლოდ მისი მოსაზრებაა.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან (WHO)მიღებული რეკომენდაციის თანახმად, დათქმული თარიღისთვის მზადება უნდა გავაგრძელოთ და ეს არ არის ვაქცინაზე დამოკიდებული. კარგი იქნებოდა ვაქცინა გვქონოდა, მაგრამ ჩვენ კვლავინდებურად  ვხელმძღვანელობთ WHO-ს და იაპონიის ჯანდაცვის სამსახურების რჩევებით, რადგანაც ათლეტთა და თამაშების სხვა მონაწილეთა ჯანმრთელობა ნომერ პირველი პრიორიტეტია," - განაცხადა ჯონ კოუტსმა.