ქვიშის მსოფლიო თამაშები 2023 წლამდე გადავადდა

02 მაისი 2020

კორონავირუსის პანდემიით მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის (ANOC) საგაისო ქვიშის მსოფლიო თამაშები 2023 წლამდე გადავადდა.

ANOC-ის განმარტებით, ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ „ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებზე წნეხის შესამსუბუქებლად და გადავადებული ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის და პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ათლეტთა მომზადებაზე ყურადღების გასამახვილებლად" გადაწყვიტა, რომ მომავალი წლისთვის დაგეგმილი ღონისძიება აღარ ჩაატაროს.

გარდა ამისა, გაურკვეველი ვადით გადავადდა 2023 წლის მსოფლიო ქვიშის თამაშების მასპინძლობისთვის იანვარში დაწყებული განაცხადების მიღება.

აღმასრულებელი საბჭოს წევრები ამერიკიდან იმედოვნებენ, რომ 2023 წლის ქვიშის მსოფლიო თამაშებს კვეთა არ ექნება პანამერიკულ თამაშებთან, რომელსაც სანტიაგომ 2023 წლის 20 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით უნდა უმასპინძლოს.

„მომავალი წლისთვის გადავადებული ტოკიო-2020-ის თამაშებიდან პეკინი-2022-მდე ექვსი თვეა. ANOC-ის აღმასრულებელმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტებისთვის მეტისმეტი იქნებოდა ორ ოლიმპიურ თამაშებს შორის ქვიშის მსოფლიო თამაშების ჩატარებაც.

რა თქმა უნდა, ANOC-ის ქვიშის მსოფლიო თამაშები განსხვავებული სპორტის სახეობათა ათლეტებს მოიცავს - განსხვავებულს ოლიმპიური თამაშებისგან. ნებისმიერ შემთხვევაში გუნდების მომზადებაზე იმავე ოლიმპიურმა კომიტეტებმა უნდა იზრუნონ.

თამაშების გადავადებით სამუშაოს შევუმსუბუქებთ ეოკ-ებს, მათ ათლეტებს კი  მოსამზადებლად მეტი დრო ექნებათ, რათა 2023 წელს თავიანთი საუკეთესო წარმომადგენლები მიავლინონ," - განაცხადა ANOC-ის მომქედმა პრეზიდენტმა რობინ მიტჩელმა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ქვიშის მსოფლიო თამაშების 2023 წლისთვის გადავადებამ შესაძლოა ANOC-ს თამაშებს შორის ინტერვალის ორიდან ოთხ წლამდე შეცვლისკენ უბიძგოს.

ტოკიო-2020-ის გადავადებამ მსოფლიო სპორტში დომინოს ეფექტი გამოიწვია - საერთაშორისო ფედერაციებს და სხვა მმართველ ორგანიზაციებს ღონისძიებათა კალენდარში ცვლილებების შეტანა აიძულა.

საინაუგურაციო თამაშებს შარშან ოქტომბერში ყატარის დედაქალაქმა დოჰამ უმასპინძლა. პირველ მსოფლიო თამაშებზე საქართველომ, რომელიც ოთხკაციანი გუნდით ქვიშის ჭიდაობაში იყო წარმოდგენილი, 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.