თანამედროვე ხუთჭიდში მინსკის 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ოლიმპიური თამაშებისთვის დასკვნითი შესარჩევი ეტაპი ექნება

04 მაისი 2020

თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირის (UIPM) გადაწყვეტილებით, მინსკის 2021 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს (7-13 ივნისი) ტოკიოს XXXII  ოლიმპიური თამაშებისთვის დასკვნითი შესარჩევი ეტაპის დატვირთვა ექნება.

1.      ათლეტებს შეუნარჩუნდებათ ის ლიცენზიები, რომლებიც 2019 წლის ასპარეზობებზე (კონტინენტალური ჩემპიონატები, მსოფლიოს ჩემპიონატი, მსოფლიო თასის ფინალი) მოიპოვეს.

2.      ასპარეზობათა შეწყვეტის მომენტისთვის დაგროვებული ყველა საკვალიფიკაციო ქულა, მათ შორის 2020 წლის იანვარ-თებერვალში ბუდაპეშტის ჭერქვეშა ტურნირზე და კაიროს მსოფლიო თასზე გამომუშავებული ქულები, ოლიმპიურ მსოფლიო რეიტინგში ჩაითლება.

3.      ოლიმპიურ მსოფლიო რეიტინგში ჩაითვლება 2021 წლის მსოფლიო თასის სერიათა შედეგები, მათ შორის - ამ ტურნირის ფინალისა.

4.      ოლიმპიური მსოფლიო რეიტინგი საბოლოო სახეს მიიღებს 2021 წლის 14 ივნისს -  მინსკის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებიდან მომდევნო დღეს. მსოფლიოს ჩემპიონატზე გათამაშდება 3-3 ინდივიდუალური ლიცენზია ქალებში და კაცებში.

5.      მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, 2021 წლის 14 ივნისს, დარჩენილი ადგილები რეიტინგის თანახმად განაწილდება (8 ადგილი ქალებისთვის და 8 - კაცებისთვის).

6.      თანამედროვე ხუთჭიდში ოლიმპიური თამაშების ყველა მონაწილის გამოსავლენის უკიდურესი ვადაა 2021 წლის 5 ივლისი.

7.      იმ შემთხვევაში, თუ კანკუნში (მექსიკა) 2020 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარება მოხერხდა, მის შედეგებს ტოკიოს ოლიმპიურ საკვალიფიკაციო პროცესთან არანაირი კავშირი არ ექნება.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები გაიმართება 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით.