პარიზი-2024 საწყლოსნო სახეობათა ცენტრის პროექტს შემოდგომაზე შეარჩევს

04 მაისი 2020

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი შემოდგომაზე საწყლოსნო სახეობათა ცენტრის პროექტს შეარჩევს, რომლის აგებაც სენ დენის რაიონში იგეგმება. ახალი არენა 2024 წლის თამაშებზე ასპარეზობებს უმასპინძლებს წყალბურთში, სინქრონულ ცურვაში და ტრამპლინიდან ხტომებში.

საწყისი გეგმით, 15 ათას მაყურებელზე გათვლილი საწყლოსნო სახეობათა ცენტრი უმთავრესი სპორტული არენის - „სტად დე ფრანსზე" უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ მისი მაღალი ღირებულების გამო საფრანგეთის ხელისუფლებამ პროექტზე უარი თქვა.

შედეგად, პარიზი-2024-ის საორგანიზაციო კომიტეტმა გადაწყვიტა, საწყლოსნო შეჯიბრებათა მნიშვნელოვანი ნაწილი ჩაატაროს „სტად დე ფრანსის" სიახლოვეს, პლენ სოლნეს კვარტალში ასაგებ აუზში.

ერთ-ერთი პროექტი 50 და 25 მეტრიანი აუზების აგებას ითვალისწინებს. 50-მეტრიანი აუზი წყალბურთის და სინქრონული ცურვისთვის იქნება განკუთვნილი, 25-მეტრიანი - წყალში მხტომელებისთვის.

მეორე პროექტი ითვალისწინებს 70-მეტრიაანი აუზის მშენებლობას. არქიტექტორთა ჩანაფიქრით, მისი სიგრძის რეგულირება იქნება შესაძლებელი.

ირკვევა, რომ პარიზი-2024 მეორე პროექტისკენ იხრება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება წლეულს ნოემბერში გაკეთდება.

საგულისხმოა, რომ მოცურავეთა ასპარეზობები გაიმართება სამ დროებით აუზში, რომლებიც საგანგებოდ მოეწყობა პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის.