ევროპის XVI ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დაზუსტებული თარიღი: 2022 წლის 24-30 ივლისი

09 მაისი 2020

ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტებმა (EOC) და ბანსკა-ბისტრიცაში (სლოვაკეთი) გასამართი ევროპის ზაფხულის XVI ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა ერთობლივად გამოაცხადეს ფესტივალის ჩატარების ზუსტი თარიღი: 2022 წლის 24-30 ივლისი.

2021 წელს დანიშნული ფესტივალის ერთი წლით გადავადების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 10 დღის წინ, ამჯერად კი ცნობილი გახდა დაზუსტებული თარიღი. პირვანდელი ვადებით, ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო 2021 წლის 24 ივლისი - 1 აგვისტოს, მაგრამ რაკი, ტოკიოს თამაშები სწორედ 2021 წლის ზაფხულისთვის გადავადდა, ფესტივალის ორგანიზატორები იძულებულნი გახდნენ გეგმები შეეცვალათ (აღსანიშნავია, რომ გადავადება არ შეხებია 2021 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, რომელიც ფინეთის ვუოკატიში გეგმისამებრ 6-13 თებერვალს ჩატარდება).

ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალები 1991 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ეს არის ფესტივალის გადავადების პირველი შემთხვევა.