IOC-ის განცხადებით, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების 2022 წლისთვის გადავადების არანაირი გეგმა არ არსებობს

09 მაისი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების 2022 წლისთვის გადავადებასთან დაკავშირებით გეგმები არ არსებობს, რადგან იაპონია თამაშების უფრო ხანგრძლივი ვადით გადავადებას ვერ გაუმკლავდება.

„ჩვენმა იაპონელმა პარტნიორებმა და პრემიერ-მინისტრმა მკაფიოდ გვითხრეს, რომ იაპონია მომავალი წლის ზაფხულზე გვიან თამაშების გადავადებასთან გამკლავებას ვერ შეძლებს. ეს დიდი ვალდებულებაა როგორც საორგანიზაციო კომიტეტისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის. პირველ ყოვლისა, საჭირო გახდება ოლიმპიური სოფლის შენარჩუნება. იგივე ეხება ყველა სპორტულ არენას, ათასობით ადამიანს მოუწევს მუშაობის გაგრძელება.

ყველა პარტნიორი, სპონსორი და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლება უნდა გაერთიანდეს. IOC მეტად თავდაჯერებულია, რომ ყველაფერი თავს მოიყრის და საოცარ თამაშებს მივიღებთ.

თუ 2021 წლისთვის პანდემია არ განელდა, ვიხელმძღვანელებთ რისკების მართვის და მათი შედეგების შემსუბუქების ზომებით, რომლებიც კორონავირუსის აფეთქების ფონზე მასობრივი ღონისძიებების კონტექსტში დადგენილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

ჩვენ კვლავაც გავყვებით იმ პრინციპებს, რომლებიც ჩვენს გადაწყვეტილებებს განსაზღვრავდა: ოლიმპიური თამაშების ჩატარება მხოლოდ უსაფრთხო გარემოში. ჩვენ ამ პრინციპებს მომავალშიც დავიცავთ," - აცხადებს IOC.

ცოტა ხნით ადრე ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტმა იოშირო მორიმ განაცხადა, რომ თუ გაისად კორონავირუსის პანდემიაზე კონტროლი არ დამყარდება, 2021 წლისთვის გადავადებული ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები გაუქმდება.