ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტი ესტაფეტის შეკვეცილ ვერსიას განიხილავს

14 მაისი 2020

ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტი ხარჯების შესამცირებლად ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ჩირაღდნის ესტაფეტის შეკვეცილ ვერსიას განიხილავს.

კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადავადებული ოლიმპიური თამაშების მასპინძლები იმედოვნებენ, რომ ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა ჩვეული გრაფიკით წარიმართება, თუმცა შესაძლოა მნიშვნელოვანი  მოდიფიკაცია განიცადოს და ბიუჯეტიც საგრძნობლად დაიზოგოს.

შეკვეცილი ვერსიით, ნაცვლად იმისა, რომ ესტაფეტამ 121 დღის განმავლობაში სრულიად მოიცვას იაპონია, შესაძლოა რამდენიმე ნაწილად დაიყოს და ერთდროულად სხვადასხვა ადგილზე ჩატარდეს. თუმცა, ამის გაკეთება რთული იქნება, რადგან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) ერთბაშად რამდენიმე მარშრუტის უფლებას ჯერჯერობით არ იძლევა.

ტოკიო-2020 აცხადებს, რომ ესტაფეტის მონაწილე 10 ათასი მეჩირაღდნის მონაწილეობა და შერჩეული სხვადასხვა ადგილი, რასაც თავდაპირველი გეგმა ითვალისწინებდა, კვლავაც ძალაში დარჩება.

ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა 26 მარტს ფუკუშიმადან უნდა დაწყებულიყო. თავდაპირველი გეგმით, ოლიმპიურ ცეცხლს იაპონიის ყველა 47 პრეფექტურაში 121 დღის განმავლობაში უნდა ემოგზაურა, მაგრამ COVID-19-ის გავრცელების შესაზღუდად მიღებული საკარანტინო ზომებმა ტოკიო-2020-ის ორგანიზატორებს დაგეგმილი ესტაფეტის გაუქმებისკენ უბიძგა.