IOC-ის მომავალი სესია ვირტუალურად ჩატარდება

15 მაისი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელმა საბჭომ IOC-ის მომავალი სესიის ვირტუალურად ჩატარების გეგმა დაამტკიცა.

მსოფლიოს ოლიმპიური მოძრაობის ლიდერთა ვირტუალური თავყრილობა, სადაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ, 17 ივლისს დაცული ელექტრონული სისტემით გაიმართება.

შესბამისი გადაწყვეტილება მიიღეს ხუთშაბათს, IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს ასევე ვირტუალური შეხვედრისას, რასაც შემდეგ მოჰყვა ონლაინ მედია-კონფერენცია.

„IOC-ის აღმასრულებელი საბჭო შეთანხმდა, რომ IOC-ის 136-ე სესია გაიმართება პარასკევს, 17 ივლისს, ვირტუალურად. ასეთი რამ პირველად მოხდება. სესია პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემა, ასე რომ, ყველა დაინტერესებულს შეეძლება მას შემოუერთდეს," - განაცხადა IOC-ის პრეზიდენტმა  თომას ბახმა.

აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე ასევე შეთანხმდნენ, რომ პანდემიის დასრულებამდე ვირტუალური შეხვედრები ყოველთვიურად გაიმართება.

IOC-ის სესიის მოსამზადებლად შემდეგი შეხვედრები ჩანიშნულია 10 ივნისს და 16 ივლისს,  22 ივლისს კი IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრები სესიის შედეგებზე  იმსჯელებენ და იქ მიღებული გადაწყვეტილებეის რეალიზაციას შეუდგებიან.

რომ არა პანდემიის გამო გადავადებული ტოკიოს ოლიმპიური თამაშები, სესიისთვის ტოკიოს უნდა ემასპინძლა.