ტოკიო-2020 ორგანიზატორები ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების გადატანის ხარჯებს ჯერაც ითვლიან

18 მაისი 2020

ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორის ტოშირო მუტოს განცხადებით, მათ არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, თუ რაში დაიხარჯება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) მიერ კორონავირუსის პანდემიის შედეგების შესამცირებლად გამოყოფილი 650 მილიონი.

ორგანიზატორები აღიარებენ, რომ ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების გადატანის ხარჯებს ჯერაც ითვლიან.

გასულ ხუთშაბათს IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა, რომ IOC კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შედეგების შესამცირებლად 800 მილიონ დოლარს გამოყოფს, საიდანაც 650 მილიონი მიმართული იქნება ტოკიოს თამაშების გადავადებით გამოწვეული ხარჯების დასაფარად, ხოლო 150 მილიონი - საერთაშორისო სპორტული ფედერაციების და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მხარდასაჭერად.

 „საორგანიზაციო კომიტეტში წარმოდგენა არ გვაქვს, თუ როგორ დაიხარჯება ეს სახსრები. 650 მილიონთან დაკავშირებით სჯობს IOC-ს ჰკითხოთ," - განაცხადა ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მისივე თქმით, ტოკიოს თამაშები, შესაძლოა, ადრინდელი ოლიმპიური და პარალიმპური თამაშებისგან განსხვავებული გამოდგეს და საჭირო გახდეს  ახალი კონცეფციის მოფიქრება.

24 მარტს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ კორონავირუსის პანდემიის გამო ტოკიო-2020-ის ერთი წლით გადავადებაზე მოილაპარაკეს.

ერთი წლით გადავადებული ტოკიოს თამაშები გაიმართება 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით.