ANOC ეროვნული ოლიმპიური კომიტეტებისთვის დამატებით დაფინანსებას უზრუნველყოფს

20 მაისი 2020

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციამ (ANOC) გადავადებული ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებლად ეროვნული ოლიმპიური კომიტეტებისთვის დამატებითი სახსრების გამოყოფა გადაწყვიტა.

შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს ANOC-ის მოქმედი პრეზიდენტის რობინ მიტჩელის, ვიცე-პრეზიდენტების, გენერალური მდივნის გუნილა ლინდბერგის და ოლიმპიური სოლიდარობის დირექტორის ჯეიმს მაკლეოდის ვიდეოკონფერენციაზე.

ANOC-ს ეოკ-ებისთვის ფინანსური დახმარების ოდენობა ჯერ არ დაუკონკრეტებია, თუმცა განმარტავს, რომ თანხის მოძიება შესაძლებელი გახდება ANOC-ის გაუქმებული გენერალური ასამბლეისთვის გათვალისწინებული სახსრებიდან.  ასამბლეისთვის წლეულს სეულს უნდა ემასპინძლა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო მომავალ წლამდე გადავადდა.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი გენერალური ასამბლეის ბიუჯეტი 5,2 მილიონი აშშ დოლარს შეადგენდა.

„ეოკ-ებს მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვანი გამოწვევები და სირთულეები ელით. ჩვენ სოლიდარულები ვართ ყველასთან, ვინც ამ დღეში აღმოჩნდა. ჩვენი ვალია შეძლებისდაგვარად მხარში ამოვუდგეთ თითოეულ ეოკ-ს. სპორტსმენების, მომსახურე პირების და ყველა დაინტერესებული მხარის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია. იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ფინანსური შედეგები ამ საშინელი პანდემიის შემდეგაც საგრძნობი იქნება ეოკ-ებისთვის.

ამგვარად, ANOC-მა გადაწყვიტა დამატებითი ფინანსებით დაეხმაროს ყველა 206 ეოკ-ს, რათა უკეთ აღვჭურვოთ ისინი ამ გამოწვევებისთვის, ტოკიო-2020-თვის თავიანთი ათლეტების  უკეთ მოსამზადებლად," - განაცხადა რობინ მიტჩელმა.