ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაცის საბოლოო გადაწყვეტილება საოლიმპიადო საკვალიფიკაციო თარიღებთან დაკავშირებით

24 მაისი 2020

ტოკიო-2020-ის ერთი წლით გადავადებასთან დაკავშირებით, ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FIE) დააზუსტა ოლიმპიური კვალიფიკაციის ახალი  თარიღები, თუმცა ძალაში დარჩა ლიცენზიების განაწილების ძირითადი პრინციპები.

FIE-ს ახალი განრიგის თამახმად, კონტინენტური სალიცენზიო ტურნირები გაიმართება 2021 წლის 15-30 აპრილს.

როგორც იგეგმებოდა, ტოკიოში გათამაშდება ოლიმპიური მედლების 12 კომპლექტი დაშნით, რაპირითა და ხმლით პირად და გუნდურ შეჯიბრებაში, ქალთა და ვაჟთა შორის.

გუნდური ტურნირის თითოეულ დისციპლინაში გამოვა 8-8  ნაკრები: მათგან 4-4 საუკეთესო გუნდი FIE-ს რეიტინგის 2021 წლის 5 აპრილის  მონაცემებით, ასევე 4 ნაკრები კონტინენტების მიხედვით (ევროპა, ამერიკა, აზია-ოკეანია და აფრიკა) იმ ჯგუფიდან, რომლებიც საბოლოო რეიტინგში მე-5-მე-16 ადგილებზე იქნებიან.

პირად შეჯიბრებაში სამივე დისციპლინაში 34-34 მოფარიკავე იასპარეზებს. ამათგან 24 სპორტსმენი უნდა წარმოადგენდეს გუნდურ ტურნირში მონაწილე ქვეყნებს; 6 სპორტსმენი შეირჩევა რეიტინგის მიხედვით, ოღონდ  იმ ქვეყნების რიგებიდან,  რომლებიც კონკრეტულ დისციპლინაში ვერ მოხვდნენ გუნდურ შეჯიბრებაში. ეს 6 ადგილი განაწილდება მოფარიკავეთა გეოგრაფიული კუთვნილების შესაბამისად (ევროპას და აზია-ოკეანიას ეძლევა 2-2 ადგილი, ამერიკას და აფრიკას - თითო-თითო). გარდა ამისა, ოლიმპიადის 4 საგზურს გაინაწილებენ  კონტინენტურ საკვალიფიკაციო ტურნირებში გამარჯვებული მოფარიკავეები (თითო სპორტსმენი თითოეული გეოგრაფიული ზონიდან).

იაპონიას, როგორც ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქვეყანას, უფლება აქვს დამატებით გამოიყვანოს 8 მოფარიკავე, მათ შორის - გუნდურ შეჯიბრებაში.

მიმდინარე სარეიტინგო ვითარების გათვალისწინებით, ქართველ მოფარიკავეთაგან ტოკიოს საგზური  განაღდებული აქვს მოხმალავე სანდრო ბაზაძეს, რომელიც 2016 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილეა.  გარდა ამისა, მომავალი ოლიმპიადის გუნდურ ტურნირში მოხვედრის შანსს ინარჩუნებენ ჩვენი მოხმალავე ვაჟები.