გარდაიცვალა EOC-ის პრეზიდენტი იანეზ კოჩიანჩიჩი

78 წლის ასაკში გარდაიცვალა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) პრეზიდენტი იანეზ კოჩიანჩიჩი. ის ევროპის ოლიმპიური მოძრაობის ლიდერად 2017 წლის ნოემბერში აირჩიეს, მანამდე - 2013 წლიდან იყო EOC-ის ვიცე-პრეზიდენტი, 2010 წლიდან - სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.
იანეზ კოჩიანჩიჩი 23 წლის განმავლობაში (1991-2014) ხელმძღვანელობდა სლოვენიის ოლიმპიურ კომიტეტს, არჩეული იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრად, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტად.
„იანეზ კოჩიანჩიჩი იყო ოლიმპიურ მოძრაობის გამორჩეული წარმომადგენელი და ოლიმპიური ფასეულობების დაუცხრომელი პროპაგანდისტი. ჩემთვის და ოლიმპიური მოძრაობის არაერთი წევრისთვის ის იყო ნამდვილი მეგობარი, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი საერთო საქმის წარმატებისთვის"- განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა.