სებასტიან კოეს განცხადებით, ტოკიო-2020-ის გაუქმების შემთხვევაში ფედერაციები ცუდ დღეში ჩავარდებიან

02 ივნისი 2020

მსოფლიო მძლეოსნობის (World Athletics) პრეზიდენტის სებასტიან კოეს განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ტოკიოს ოლიმპიური თამაშები გაუქმდა, საერთაშორისო სპორტული ფედერაციები სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან.

„ოლიმპიური სახეობები საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შემოსავლების გადანაწილებით მიღებულ თანხებზე არიან დამოკიდებულნი, ეს კი ყველა ფედერაციისთვის მნიშვნელოვანი თანხაა. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ამავდროულად ამ თანხებზე დამოკიდებულები ვხდებით.

ბევრ ფედერაციაში, მათ შორის მძლეოსნობაში, ეს დიდი პრობლემებს გამოიწვევს. თუ ოლიმპიური თამაშები არ გვექნება, ყველაფერთან ერთად, მილიარდობით ადამიანი დაკარგავს ჩვენი სპორტისთვის უდიდეს ფორუმთან წვდომის შესაძლებლობას," - განაცხადა სებასტიან კოემ, რომელსაც სჯერა, რომ  ოლიმპიური თამაშები 2021 წელს აუცილებლად ჩატარდება.

24 მარტს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ კორონავირუსის პანდემიის გამო ტოკიო-2020-ის ერთი წლით გადავადებაზე შეთანხმდნენ. ერთი წლით გადავადებული ტოკიოს თამაშები გაიმართება 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით.

რამდენიმე ხნის წინ IOC-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ პანდემიის გამო თამაშების 2021 წელს ჩატარება ვერ მოხერხდა, მაშინ მისი გაუქმება მოუწევთ.