ტოკიო-2020-ის თანამშრომლები შტაბ-ბინას უბრუნდებიან

03 ივნისი 2020

ტოკიო-2020-ის ხელმძღვანელობამ  ჩვეულ სამუშაო რეჟიმზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თანამშრომლები ორთვიანი დისტანციური მუშაობის შემდეგ საორგანიზაციო კომიტეტის შტაბ-ბინას უბრუნდებიან. ისინი ერთგვარი როტაციის პრინციპით იმუშავებენ, რომლის მიხედვითაც ოფისში თანამშრომელთა რაოდენობა 50 პროცენტს არ უნდა აჭარბებდეს. ამასთან, თითოეული თანამშრომელი სამსახურში პირბადით უნდა გამოცხადდეს და შეუმოწმდეს სიცხე. აუცილებელ მოთხოვნათა შორის არის ასევე ხელების ხშირი დაბანვა და სოციალური დისტანციის დაცვა.

კორონავირუსის შესაკავებლად, საორგანიზაციო კომიტეტის შტაბ-ბინის შესასვლელი აღჭურვილი იქნება თერმული კამერებით, სპირტის შემცველი სანიტაიზერებით.

ტოკიო-2020-მა თანამშრომლების ოფისებში დაბრუნების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო,  რაც იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა.

იაპონიაში კორონავირუსით დაინფიცირების 17 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა და მას 900-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ამ მხრივ ყველაზე მეტად დაზარალდა ტოკიო.

კორონავირუსის პანდემიის გამო XXXII ოლიმპიური თამაშები 2021 წლამდე გადავადდა. გადავადებული ტოკიოს თამაშები გაიმართება 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით.