საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი კონკურსი - „მოგზაურობა ოლიმპეთში"

04 ივნისი 2020

ზოგადი დებულება

ოლიმპიურ თემატიკაზე ნახატების კონკურსი ტარდება საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან (23 ივნისი) დაკავშირებით და მიზნად ისახავს მოსწავლე ახალგაზრდებში ოლიმპიზმის უნივერსალური ფასეულობების პოპულარიზაციას, ოლიმპიური მოძრაობისადმი ინტერესის გაღვივებას, ჯანსაღი ცხოვრების  წესის დანერგვას.

კონკურსის თემატიკა

„ოლიმპიზმი," „ოლიმპიური მოძრაობა," „ოლიმპიური თამაშები."

კონკურსში მონაწილენი

1.კონკურსი ტარდება მე-7-მე-9 კლასის მოსწავლებისთვის.

კონკურსის ჩატარების წესი

1. კონკურსი ტრდება 2020 წლის 6 ივნისიდან 18 ივნისამდე. კონკურსანტებს შეუძლიათ საკონკურსო  ნახატები წარმოადგინონ  2 კატეგორიიდან ერთ-ერთში: ა) გრაფიკა; ბ) ფერწერა. გამარჯვებულები გამოვლინდებიან თითოეულ კატეგორიაში ცალ-ცალკე.

2. საკონკურსო ნახატები შესრულებული უნდა იყოს  არანაკლებ A4 (210 X 297 მმ) და არაუმეტეს A2(420 X 594 მმ) ზომის ქაღალდზე, ნებისმიერი ტექნიკით (ფანქარი, გუაში, აკვარელი, პასტელი, ფლომასტერი და ა.შ.).

3. თითოეულ კონკურსანტს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ 1 ნახატი.

4. კონკურსანტები ნახატებს წარმოადგენენ ელექტრონულად ამ მისამართზე: teo.geonoc@gmail.com (საკონტაქტო ნომერი: 599 58 00 01).

5. წარმოდგენილ საკონკურსო ნამუშევარს თან უნდა ახლდეს ინფორმაცია ავტორის შესახებ: სახელი და გვარი, სასწავლებლის დასახელება, დაბადების თარიღი და ადგილი, მობილური ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.

5. საკონკურსო ნამუშევრის წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 18 ივნისი.

კონკურსის  ჟიური

1. გამარჯვებული ნახატების გამოსავლენად საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთა მონაწილეობით იქმნება ჟიური.

2. ჟიურის თითოეული წევრი საკონკურსოდ წარმოდგენილ  ნამუშევარებს შეაფასებს 10-ბალიანი სისტემით.

3. საკონკურსოდ წარმოდგენილი ნახატების შეფასებისას გათვალისწინებული იქნება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმები: კონკურსის თემატიკასთან შესაბამისობა, შესრულების ტექნიკა, გამომსახველობა, ორიგინალურობა.

გამარჯვებულთა გამოვლენა და დაჯილდოება

1. ჟიურის წევრების შეფასების მიხედვით, დაგროვილი ქულების შესაბამისად, თითოეულ კატეგორიაში გამოვლინდებიან პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასული კონკურსანტები.

2. კონკურსის შედეგები და გამარჯვებული ნამუშევრები გამოქვეყნდება მედიაში, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ოფიციალურ საიტებზე და ფეისბუქ-გვერდებზე, ასევე გამოიფინება ოლიმპიურ კომიტეტში. გამარჯვებული ნამუშევრები ელექტრონულად გაიგზავნება საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში და ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებში გამოსაქვეყნებლად.

3. თითოეულ ნომინაციაში პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ კონკურსანტებს 2020 წლის 23 ივნისს, საერთაშორისო ოლიმპიურ დღეს, ოლიმპიური კომიტეტის ოფისში, ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონთა მონაწილეობით გადაეცემათ სპეციალური სერთიფიკატი, სამახსოვრო საჩუქრები და ოლიმპიური კომიტეტის მიერ გამოცემული წიგნები -„ოლიმპიური ორტომეული" და „მოგზაურობა ოლიმპეთში."