მსოფლიო მძლეოსნობამ ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის ახალი საკვალიფიკაციო სისტემა წარმოადგინა

04 ივნისი 2020

მსოფლიო მძლეოსნობამ (World Athletics) XXXII ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის ახალი საკვალიფიკაციო სისტემა წარმოადგინა.

ათლეტთა შერჩევა კვლავინდებურად ოფიციალურ ტურნირებზე მოხდება. ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტებმა, რომლებსაც ჯერ კიდევ არ ჰყავთ ლიცენზიანტი ათლეტები, მარათონში და 50 კილომეტრზე სპორტულ სიარულში მონაწილეობისთვის განაცხადები უნდა გააკეთონ 2021 წლის 23 მაისამდე, სხვა დანარჩენ შეჯიბრებებში მონაწილეებისთვის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 21 ივნისია.

მძლეოსანთა მსოფლიო რეიტინგი და ტოკიოს თამაშებზე ლიცენზირებულ სპორტსმენთა საბოლოო სია პირველ ივლისს გამოქვეყნდება.

ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტებმა 2-5 ივლისს იმ ათლეტთა განაცხადები უნდა წარადგინონ, რომლებიც ტოკიოში გაემგზავრებიან.