IOC-ის საკოორდინაციო კომისია პარიზი-2024-ის მზადებას გაეცნო

05 ივნისი 2020

2024 წლის ოლიმპიური თამაშების IOC-ის საკოორდინაციო კომისიის, პარიზი-2024 საორგანიზაციო კომიტეტის და მისი პარტნიორების მონაწილეობით ვიდეოკონფერენცია მოეწყო, სადაც განიხილეს თამაშებისთვის მზადების საკითხები კორონავირუსის პანდემიით შექმნილი კრიზისული ვითარების გათვალისწინებით.  

პარიზი-2024-ის საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებით, თამაშებისთვის სამზადისში პარიზი ნოვატორული და პასუხისმგებლიანი სტრატეგიის ერთგული რჩება. ითქვა,  რომ ოლიმპიური ოჯახისადმი თომას ბახის მიმართვის შემდეგ შეცვალეს თავიანთი მიდგომა თამაშებისადმი, რაც ითვალისწინებს არსებით ოპტიმიზაციას. ასეთი მიდგომის მაგალითია ოლიმპიურ სოფელში ადგილების 17-დან 14 ათასამდე შემცირება. რაც მთავარია, ყველაფერი ეს ათლეტთა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მოთხოვნებთან შესაბამისობაში იქნება. ამასთან, შემცირდება საჭირო ინვესტიციათა მოცულობა. მაგალითად, ამგვარი მიდგომაა გამოყენებული საწყლოსნო ცენტრის ოპტიმიზაციისას.

პარიზის თამაშებისთვის სამზადისში ასევე გამოიყენებენ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის გამოცდილებას.

პარიზი-2024-ის საორგანიზაციო კომიტეტი ადასტურებს, რომ ოლიმპიური (26 ივლისი - 11 აგვისტო) და პარალიმპური (28 აგვისტო - 8 სექტემბერი) თამაშების გრაფიკი უცვლელი რჩება.