ტოკიო-2020-ის წარმომადგენლის განცხადებით, ოლიმპიური თამაშების ბედი გაისად გაზაფხულზე გაირკვევა

06 ივნისი 2020

ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის ტოსიაკი ენდოს განცხადებით, გადავადებულ ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებენ, თუ რა ვითარება იქნება 2021 წლის გაზაფხულზე.

„მომავალი წლის მარტში ათლეტთა შერჩევა უმთავრესი გამოწვევა იქნება. საორგანიზაციო კომიტეტს შექმნილი მდგომარეობის მიხედვით მოუწევს გარკვეული გადაწყვეტილების მიღება. ჯერაც ბევრი გაურკვევლობაა და ვერავინ ამბობს, კორონავირუსთან დაკავშირებით მომავალ ზაფხულს როგორი ვითარება იქნება. ჯერ ნაადრევია იმაზე მსჯელობა, ჩავატარებთ თუ არა ოლიმპიურ თამაშებს," - განმარტავს ტოსიაკი ენდო.

სამი კვირის წინ ტოკიო-2020-ის საკოორდინაციო კომისიის ხელმძღვანელმა ჯონ კოუტსმა ტოკიო-2020 გააფრთხილა, რომ კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით, იაპონია „სრულიად განსხვავებული" ოლიმპიური თამაშებისთვის უნდა მოემზადოს.