საერთაშორისო ფედერაციათა ორმა მესამედმა IOC-ის და შვეიცარიის მთავრობის ერთობლივი სესხი მიიღო

07 ივნისი 2020

შვეიცარიის ფედერალური საბჭოსა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) მიერ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ფინანსური შედეგების შესამსუბუქებლად გამოყოფილი ერთობლივი სესხის შეთავაზება შვეიცარიაში არსებულმა საერთაშორისო ფედერაციათა ორმა მესამედმა მიიღო.

„მთავრობის მხრიდან შემოთავაზებულია ორი სქემა - დროებით უმუშევრად დარჩენილთა მხარდაჭერა და  უპროცენტო სესხი. ორივე მიმართულებით ვმუშაობთ. საერთაშორისო ფედერაციათა დაახლოებით ორმა მესამედმა ისარგებლა ამ შესაძლებლობით," - განაცხადა ზაფხულის ოლიმპიური სახეობის საერთაშორისო ფედერაციათა ასოციაციის (ASOIF) პრეზიდენტმა ფრანჩესკო რიჩი ბიტიმ.

შვეიცარიის მთავრობის და IOC-ის 13 მაისის გადაწყვეტილებით, საერთაშორისო ფედერაციების დასახმარებლად თითოეული მხარე სესხის საერთო მოცულობის უზრუნველსაყოფად 50 პროცენტს საკუთარ თავზე იღებს.

შვეიცარიაში 50-ზე მეტი საერთაშორისო ფედერაციაა განთავსებული. უპროცენტო სესხის მიღება შეუძლია ტოკიო-2020-ის პროგრამაში წარმოდგენილ 33 სპორტულ ფედერაციას, რადგან თამაშების გადატანის შედეგად ყველაზე ცუდ დღეში სწორედ ისინი აღმოჩნდნენ.